დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.
არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ცესკოში გამართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრეს.
ცესკოს მონაცემებით, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა დროულად, დილის 7:00 საათზე. დამკვირვებლებს, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ კენჭისყრის წინა პროცედურებს. შესაბამისად, წილისყრით ფუნქციები განაწილებულია კომისიის წევრებს შორის და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაცემულია. კენჭისყრის წინა პროცედურებს დააკვირდა პოლიტიკური სუბიექტების 134 წარმომადგენელი და 178 დამკვირვებელი.
„ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე უკვე მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. მოცემული დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51: ასევე, ონლაინჩათი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.