,,რესპუბლიკელები“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, პროექტი ბოლო დამუშავების სტადიას გადის, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და პრეზიდენტს ის უახლოეს ხანებში, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში გადაეგზავნება.
“მისი შემდგომი მომავალი და ბედი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებეზე, რასაც პრეზიდენტი და პარლამენტი მიიღებს. პარალელურ რეჟიმში, პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით და თხოვნით ვენეციის კომისიაში იგზავნება დასკვნისთვის. ასე რომ, ამ კონკრეტულ საკითხში სხვა უფრო კვალიფიციური და ავტორიტეტული სუბიექტების აზრიც გაჩნდეს“, - განუცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, კანონით და კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, ყველა კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, ასე მოხდება ახლაც.
,,რაც შეეხება იმას, პრეზიდენტმა რომ ბრძანა მე ხომ არ ჩამოვიდე ქუთაისშიო, თუ დადგენილ ვადაზე უფრო ადრე ჭირდება მას რაიმე საკითხი პარლამენტიდან, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ქუთაისში არა, თბილისში მობრძანდეს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენმა გუშინ, ქუთაისში ყოფნისას განაცხადა, რომ კანონპროექტი ამ დრომე არ მიუღია. "მე თვითონ ვაპირებ მივიდე პარლამენტში და მე თვითონ წამოვიღო ჩემით ხელით,“ - განაცხადა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა.