„ეროვნული ფორუმი“ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებას სთხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი, მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას.
“დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რამაც შეიძლება ისედაც ყოველთვის რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებითი სიმწვავე შესძინოს. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომდევნო ინსტანციების იმედიც ნაკლებად რჩება. საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია კარს მომდგარი საარჩევნო კამპანიის მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში წარმოებისთვის, ჩვენ, "ეროვნული ფორუმი" მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულები“, - განაცხდა კახა შარტავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ დიდ ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება.
ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ისინი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.