ტენდენცია - მოდი შევარყიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები არ მომწონს, რადგან ეს ასუსტებს სახელმწიფოს - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს.
განცხადება პრეზიდენტმა ტელეკომპანია რიონის ეთერში გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ კანონის მიღება პროცედურული დარღვევებით მოხდა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი კანონის მიმართ მისი დამოკიდებულება უარყოფითია, თუმცა გადაწყვეტილება ვეტოს დადების შესახებ მიღებული არ აქვს.
დამტკიცებული კანონი ხელმოსაწერად პარლამენტიდან პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ დრომდე არ გადაგზავნილა. როგორც მარგველაშვილი ამბობს, მას შემდეგ რაც ის კანონს მიიღებს, მისი მუხლობრივი განხილვა მოხდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონზე საუბრის დროს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ თვეების წინ ეროვნული ბანკის შესახებ მიღებული კანონიც გაიხსენა.
“განწყობას ნათლად გიფიქსირებთ, რომ არის უარყოფით. მე საერთოდ ტენდენცია არ მომწონს ამ მიმართულებით, არა მარტო საკონსტიტუციოსთან, ეროვნულ ბანკთან მიმართებაშიც, ეს ტენდენცია, რომ მოდი შევარყიოთ ყველა ინსტიტუტი. მთელ ამ პოლიტიკურ ხელების გადაგრეხვაში, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ვინ ძლიერდება, გარდა იმისა, რომ სუსტდება სტაბილურობა სახელმწიფოსი. გიფიქსირებთ ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.