ახალი მემარჯვენეები“ ე.,წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს განცხადებით ეხმაურებიან.
„დღეს ცნობილი გახდა „მურუსიძის სასამართლოს“ განაჩენი ე.წ. კაბელების საქმეზე. 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა 5 ადამიანს, რომელთა „ბრალი“ ვერ დაასაბუთა პროკურატურამ და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ისინი არიან პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ამ გადაწყვეტილებამ, ალბათ მათთვისაც კი, ვისაც ეს არ სჯეროდა, გასაგები გახადა, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში!
სამწუხაროდ, „მურუსიძის სასამართლო“ და „შოთაძის პროკურატურა“ არამარტო ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებულთათვის არიან განაჩენი, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისთვის ჩვენს ქვეყანაში! დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ რეფორმა არ შედგა და მართლმსაჯულების სისტემა კვლავ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია ხელისუფლების ხელში.
მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი ბრძოლა „მურუსიძის სასამართლოს“ ამ უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შეცვლისთვის უნდა გაგრძელდეს და უდანაშაულო ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს; ისევე, როგორც უნდა გაგრძელდეს დაწყებული ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის ჩვენს ქვეყანაში და ის უნდა იქნას მიყვანილი საბოლოო გამარჯვებამდე!“, - აღნიშნულია ახალი მემარჯვენეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები