პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სხდომას პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ამ ცვლილებების შეტანით მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოს დანგრევა სურს.
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.
თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.
გარდა ამისა, შედის კიდევ რამდენიმე ცვლილება და მათ შორის ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.