პარტია "ლიბერალ დემოკრატებმა" საქართველოს პარლამენტს 9 მაისის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.
მიმართვაში მოთხოვნილია 9 მაისის 8 მაისით ჩანაცვლება და ამისათვის საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების განხორციელება.
"ფაშიზმზე გამარჯვებას ევროპა 8 მაისს აღნიშნავს და საქართველომ უნდა აღნიშნოს იმ ოჯახთან ერთად რომელსაც ეკუთვნის. 9 მაისი საბჭოთა ტოტალიტარიზმის ზეიმია. ამ დღეს რუსეთი ერთ ბოროტებაზე მეორე ბოროტების გამარჯვებას აღნიშნავს და საქართველომ ის არ უნდა იზეიმოს", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ მუხრან ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე საპარლამენტო ფრაქციებს და დეპუტატებს კანონის ცვლილებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დეპუტატებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ფასეულობების დასამტკიცებლად.
"ახლა გამოჩნდება პარტიების ნამდვილი ფასეულობები, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და მივიღებთ ქართულ კანონს, თუმცა დეპუტატებს აქვთ შანსი მონაწილეობა მიიღონ ისტორიულ პროცესში", - აცხადებს ბურჭულაძე.