საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღეს დეპუტატები სავარაუდოდ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს ვერ მოუსმენენ. მისი თქმით, უმრვალსეობა ცდილობს ვახტანგ გომელაური უხერხული სიტუაციიდან გამოაძვრინოს.
“უმრავლესობამ დღევანდელი დღე სპეციალურად შეარჩია გომელაურის მოსასმენად. იციან, რომ მიმდინარე კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნებოდა ხანგრძლივი განხილვის საგანი. უმრვლეობამ სპეციალურად შეარჩია ეს დღე, რომ გომელაურისთვის კიდევ ერთხელ აეცილებინათ თავიდან უმცირესობის მხრიდან დასმული ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული კითხვები, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხზე მსჯელობა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს, დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურის წლიური ანგარიშით წარდგენაა დაგეგმილი.
დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისთვის 30 მარტს უნდა მოესმინათ, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა ჩაიშალა. სხდომის ჩატარებისთვის დარბაზში მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, დეპუტატებმა რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, თუმცა კვორუმი მაინც ვერ შედგა.