პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. პარლამენტის ბიუროს დღვანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის პირვანდელ ვარიანტში მნიშვნელოვანი შენიშვნებია გათვალისწინებული, თუმცა იცნობს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას. ”დიდი ალბათობით მოსალოდნელია ვეტო”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისთვის არის წარდგენილი. საპარლამენტო ოპოზიციამ - ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ”თავისუფალმა დემოკრატებმა” განხილვის გადადება მოითხოვა, ვიდრე პროექტი ვენეციის კომისიას არ გაეგზავნება და მათი დასკვნა არ გახდება ცნობილი.
საკითხის მეორე მოსმენით განხილვის გადადების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა ბიურომ არ გაითვალისწინა და პარლამენტი პლენარული სხდომა აღნიშნულ კანონპროექტის განხილვით დაიწყო.