„რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პრობლემა აქვს არა სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, არამედ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს. ამის შესახებ ბერძენიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც პრემიერის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჯერ გადაწყვეტილება მიიღოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა - მეჭიაური არ უნდა იყოს მის პარტიაში. თუ მეჭიაური იქნება მის პარტიაში და მეჭიაურები არიან „ქართული ოცნების“ განმაახლებლები, მაშინ განახლება არის არა დემოკრატიის, არამედ რეტროგრადობის მიმართულებით. პრობლემა კვირიკაშვილს აქვს, პაატა ზაქარეიშვილს არ აქვს. პრობლემა კვირიკაშვილს აქვს, იქნება მძევალი თუ რეფორმატორი „ქართული ოცნების“. არ ჩანს, რომ მაინცდამაინც დიდი საშუალებები უჩნდება ამ რეფორმატორობისა, ამ ტიპის განცხადებებით“, - დასძინა ბერძენიშვილმა.
,,პაატა ზაქარეიშვიილის განცხადება, ჩემი აზრით, იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული“ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზაქარეიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც მას ,,აკვირვებს თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე „ქართული ოცნების“ დუმილი”.