პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების ამოსავალი წერტილი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა იყოს. საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და სერგეი ლავროვის შესაძლო შეხვედრის კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა არ უნდა იყოს შეხვედრისთვის.
„ეს არის ზოგადი აზრი, რომ შეიძლება ასეთი შეხვედრა შედგეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ თუ ასეთი რამ შედგა, ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩვენთვის ნომერ პირველი არის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს თუ იქნება ამოსავალი წერტილი და მიმართული იმისკენ, თუ როგორ უნდა მოხდეს დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თავისთავად ცხადია ჩვენ ამისთვის მზად ვართ. დანარჩენ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეხვედრა ჩაითვლება შეხვედრისთვის, რაც არ უნდა მნიშვნელოვან საკითხებს ითავსებდეს”, - განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველკოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუს კოლეგასთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან საერთაშორისო დისკუსიებით განსაზღვრული ფორმატებით მუშაობს. ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში შესაძლოა რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს“.