გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის შესახებ საგანგებო განცხადება მან, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სიახლეების, ინოვაციების, ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება, მაგალითად – იუსტიციის სახლების სახით. ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის სრულიად ახალ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს მოუტანს წარმატებას. მსგავსი მოლოდინი ვფიქრობ ჰქონდა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და რაც მთავარია ჩვენს ამომრჩეველს, რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან ელოდებოდნენ ინოვაციას, სიახლეებს და ელოდებოდნენ ცვლილებებს და ახალ ინიციატივებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა.
ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული, კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობისა და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ის აპირებს შექმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება.
“მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე საარჩევნო სიაში იმ ფასადური განახლებით, რომელსაც აპირებენ ეს ადამიანები და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებით და გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიყვანს საქართველოს წარმატებამდე”, – განაცხადა ვაშაძემ.