დღეს, 22 მაისს, თბილისში, სასტუმრო "ბეტსიში" იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის მატერიალური სისხლის სამართლის თემაზე ორდღიანი ტრენინგი დაიწყო. ამის შესახებ ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აცნობეს.
ღონისძიება გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის "იურიდიული დახმარების სამსახურის გაძლიერების" პროექტის წარმომადგენელმა ნანა მჭედლიძემ და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ასისტენტმა ტერეზა ტალჰამერმა.
ტრენინგს ესწრებიან იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ბიუროების ადვოკატები. სწავლება ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებით.
ტრენინგს უძღვებიან სამართლის ექსპერტები - ოთარ გამყრელიძე, დავით სულაქველიძე და სუტკე ადენი. ისინი, საზოგადოებრივ ადვოკატებთან ერთად, განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, ბრალეული ქმედება, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დანაშაულის კატეგორიები, ერთიანი დანაშაული, დანაშაულის სიმრავლე, თანამონაწილეობა, დაუმთავრებელი დანაშაული, ბრალისა და მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები. თეორიული მასალის გაცნობის გარდა საზოგადოებრივ ადვოკატებს პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების საშუალებაც მიეცემათ. ტრენინგი შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (Iღძ) აქტიურად მუშაობენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების პროფესიონალიზმის ამაღლების საკითხზე. მათი ორგანიზებით სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე საზოგადოებრივ ადვოკატებს პერიოდულად ტრენინგები უტარდებათ. იურიდიული დახმარების სამსახურის მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს.