დღეს, 22 მაისს, 20:00 საათზე, ახალი წარდგენა მოხდება თეატრის, რომელიც ვაკის "თეატრალური სარდაფის" სახელით იყო ცნობილი, ახლა კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნის. იქვე სადისკუსიო ტიპის პირველ შეხვედრაც გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო თეატრი შექმნის ინიციატორი და მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.
მათი განცხადებით, ეს ფაქტი ძალზედ მნიშვნელოვანია, "რადგან საუნივერსიტეტი სივრცეში პროფესიული თეატრის ჩამოყალიბების პირველ მცდელობასთან გვაქვს საქმე".
"შემოქმედებითი სივრცე ანტერპრიზის პრინციპით იმუშავებს და სხვადასხვა რეჟისორებთან და მსახიობებთან ითანამშრომლებს. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი ღია იქნება ახალგაზრდული სათეატრო ინიციატივების განსახორციელებლად. ჩატარდება თეატრალური ხელოვნებისადმი მიძღვნილი მასტერკლასები, გაიმართება შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ხელოვნებათმცოდნე მარიანა ოკლეიმ.
მისი განმარტებით, ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტის თეატრის წარმომადენლების სურვილია, რომ მოაწყონ დისკუსიები, სადაც მათი ერთგული მაყურებელი აქტიურად მიიღებს მონაწილებას.
თეატრი სრული დატვირთვით მომავალი თეატრალური სეზონიდან ამოქმედდება.
დღეს კი, 20:00 საათზეა თეატრი მაყურებელს რეჟისორ ოთარ ეგაძის მიერ დანიელ ხარმსის ნოველებისგან შექმნილი სპექტაკლის ფრაგმენტებს შესტავაზებს.
"პიესის სამაგიდო კითხვაზე დასწრებით, რეჟისორი მაყურებელთან ურთიერთობის ახალ ფორმას გვთავაზობს და დამსწრე საზოგადოებას წარმოდგენის საბოლოო ვარიანტის შექმნის თანამონაწილე შეუძლია გახდეს... ოთარ ეგაძე იმედოვნებს, რომ ამ ტიპის ფორმატში განხორციელებული შეხვედრები ნაყოფიერი იქნება სპექტაკლის შემქმნელებისთვის და საინტეერსო მაყურებლისთვის", _ განაცხადა მარიანა ოკლეიმ.