რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ყოფილ ექს-პრემიერს, გამოცდილ დიპლომატს ევგენი პრიმაკოვს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარება დაავალა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ევგენი პრიმაკოვი ასევე არს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, იგი დაიბადა თბილისში და ბავშვობა და ახალგაზრდობა იქ გაატარა.
ედუარდ შევარდნაძე გაზეთთან საუბარში ეხება ქართველი ოპოზიციონერების მოსკოვში განხორციელებულ ვიზიტებს და აცხადებს, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია. დაწყება ყოველთვის ჭირს. ასე რომ, ეს უკვე კარგია. უახლოეს მომავალში კი გარღვევებს, მგონი არ უნდა ველოდოთ", _ აცხადებს შევარდნაძე.
შევარდნაძე ასევე აცხადებს, რომ მისი აზრით, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი შეცდომა მოუვიდა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში.
"თუ აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი იმსახურებს დამოუკიდებლობას, მაშინ რატომ არ იმსახურებს მას ჩეჩნეთი, სადაც 3 მილიონი მოსახლეა, ან დაღესტანი 4,5 მილიონით? ყველას უნდა დამოუკიდებლობა. ინგუშეთსაც. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან რუსეთის ეს შეცდომა გამოსწორებული იქნება. ან თავად რუსეთი გამოსწორებს მას, ან მდგომარეობა შეიცვლება", _ აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.