"ეროვნული საბჭოს" ეკონომიკური პროგრამა რამდენიმე საინტერესო წინადადებას შეიცავს, თუმცა, ეს საკითხები ქალაქის მერის კომპეტენციაში არ შედის, _ ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავამ განაცხადა.
მისთვის, აბსოლუტურად მისაღებია ეროვნული საბჭოს წინადადება საგადასახდო შემოსავლების ქალაქის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის განაწილების თაობაზე.
"მაგრამ ეს მერის კომპეტენცია არ არის და მას კანონში ცვლილებები სჭირდება, რომელიც პარლამენტმა უნდა მოახდინოს. თუ ოპოზიციონერი მერი მოვა, პარლამენტი ამას არ გააკეთებს და შესაბამისად ეს სულ ცოტა 2012 წლამდე შეუსრულებელი დარჩება",- განაცხადა ლადო პაპავამ.
ამასთან მისი თქმით, იგი ეჭვობს, რომ თბილისის დაყოფა 25 მუნიციპალიტეტად იყოს შესაძლებელი, რადგან ყველას თავისი ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი დასჭირდება. ეს კი საბიუჯეტო ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
რაც შეეხება ეროვნული საბჭოს მოსაზრებას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით, ლადო პაპავასEშეფასებით, მერის კომპეტენციაში არც ეს საკითხი შედის. იგი უფრო ბევრად რთული თემაა და თბილისსა და მოსკოვს შორის ოფიციალურ მოლაპარაკებებს უკავშირდება.