პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ ახალ რეზოლუციას "უაღრესად პოზიტიურ აქტს" უწოდებს.
"ეს არის უაღრესად პოზიტიური აქტი. იმ ფონზე, როცა მსოფლიო შეეჩვია ორ რამეს - პირველი, რომ ამერიკა და რუსეთი თანამშრომლობენ ყველა საკითხში და მეორე, რომ ვერ თანხმდებიან საქართველოს საკითხზე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეხსენება იმისა, რა სიტუაციაა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, საკმაოდ გამბედავი ნაბიჯი გახლავთ, მითუმეტეს, რომ არც თავად ევროპა გამოირჩევა მაინცდამაინც ვაჟკაცური დამოკიდებულებით არსებული პრობლემის მიმართ", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩე-ნს" ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტირებისას.
აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ "ევროპული სტრუქტურები, რომლებიც მეტი ყურადღებით ეკიდებიან საკუთარი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, რუსეთთან დიალოგისას საქართველოს თემას უფრო გააქტუალურებენ".
ამასთან, ცისკარიშვილის აზრით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ახალ რეზოლუციას რუსეთის მხრიდან გაღიზიანება და შესაბამისად, "ლავროვის გამოსვლა მოჰყვება თავისი გაცვეთილი ფრაზებით".
"შეიძლება ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით სიტუაცია მარტივად არ შეიცვალოს, მაგრამ პერსპექტივისთვის ასეთი განცხადებები, თავის მნიშვნელობას არ დაკარგავენ", - განმარტა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა გუშინ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ცხინვალი და აფხაზეთი პირველადაა მოხსენიებული "ოკუპირებულ" ტერიტორიებად. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტით ევროპარლამენტმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ, მსოფლიო სახელმწიფოებს კი, ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებისკენ მოუწოდა.