უკრაინამ და რუსეთმა კიევში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტის მსვლელობისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დემარკაციის შესახებ. უკრაინული მხარე ამ მოვლენას უკრაინული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს და მიიჩნევს, რომ რუსეთი დათმობაზე წავიდა.
ამავე დროს, გაზეთ "ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმაციით, უკრაინული ოპოზიცია აცხადებს, რომ "სრულიად შესაძლებელია, რომ მედვედევმა საიდუმლოდ მიაღწია იანუკოვიჩისგან გაცილებით უფრო დიდ დათმობებს საზღვაო საზღვრის განსაზღვრის საკითხში". ამასთან ერთად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ განცხადებებს კატეგორიულად გამორიცხავენ.
საკითხი სახმელეთო საზღვრის დემარკაციის შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის 1991 წლიდან განიხილება. მთავარი წინააღმდეგობები ამ საკითხების განხილვისას ქერჩისა და აზოვის ზღვაში გამავალ საზღვრის მონაკვეთებს ეხებოდა. უკრაინა მოითხოვდა, რომ დაჩენილიყო ყირიმის ოლქსა და კრასნოდარის მხარეს შორის გამავალი ადმინისტრაციული ხაზი _ სასაზღვრო ზოლიდან თანაბარი დაშორებით. რუსეთს კი სახელმწიფო საზღვრის დაფიქსირება ხომალდსანაოსნო ფარფატერის შუაში სურდა. უკრაინული ვარიანტის მიღების შემთხვევაში ქერჩი-ენიკალის არხი კიევს რჩებოდა და ამით უკრაინას ენიჭებოდა კონტროლი რუსული გემების ზღვაში გასასვლელზე.
2003 წელს უკრაინასა და რუსეთს შორის გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფო საზღვრის შესახებ. ამავე წელს რუსეთმა კრასნოდარის მხარის ტერიტორიისა და უკრაინულ კუნძულს ტუზლას შორის დამბის მშენებლობა დაიწყო. ამ მშენებლობამ უკრაინული მხარის მწვავე პროტესტი გამოიწვია. ამ პრობლემის გადაჭრისათვის, მაშინდელმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ და ვლადიმერ პუტინმა მოილაპარაკეს, რომ არხს ერთობლივად გამოიყენებდნენ მანამ, ვიდრე საზღვრის ხაზის დადგენის შესახებ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა.
მომდევნო წლებში მოლაპარაკებები და კონსულტაციები ამ საკითხის ირგვლივ კვლავ მიმდინარეობდა. 2009 წლიდან დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის კვლავ გამწვავდა.
მაშინ უკრაინულმა დელეგაცია უარი თქვა რუსული მხარის მიერ მომზადებული შემაჯამებელი დოკუმენტის ხელის მოწერაზე. უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ოგრიზკო იმუქრებოდა კიდეც, რომ უკრაინა ცალმხრივად ჩაატარებდა უკრაინა-რუსეთის საზღვრის დემარკაციას, იმიტომ რომ რუსული მხარე მოლაპარაკებებს წელავდა.
გასული წლის ბოლოს, უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ რუსი მესაზღვრეების მიერ უკრაინელის მკვლელობის შემდეგ მოუწოდა რუსეთს საზღვრების დემარკაციის შესახებ ორმხრივი კომისიის შექმნისაკენ.
ახლა კი, იმის გამო, რომ ეს სიტუაცია, როგორც იქნა მკვდარი წერტილიდან დაიძრა, უკრაინული ოპოზიცია ეჭვობს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.