თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, რიყეზე ახალი გვირაბის გახსნით ქეთევან წამებულის გამზირზე მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება. ამის შესახებ უგულავამ გვირბის გახსნამდე განაცხადა, სადაც ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.
"დიღმიდან დაწყებული და ორთაჭალჰესამდე დამთავრებული თბილისში არც ერთი ადგილი არ არის, სადაც ადამიანს თავისუფლად სეირნობა შეიძლება, ისე, რომ მანქანების ნაკადი არ გადაკვეთოს. დღეს რიყე ის ერთადერთი ადგილი გახდება, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სეირნობა თავისუფლად შეეძლებათ", - განაცხადა უგულავამ.
მერის განმარტებით, სამანქანო ნაკადი ბარათაშვილის ხიდთან გვირაბში და ძველ გვირაბს შეუერთდება, ან ევროპის მოედანზე ამოვა.
"სატრანსპორტო თვალსაზრისით რეკრიაციული ზონა წარმოიქმნება, რომელიც ერთ-ერთი პირველი ეტაპი იმისთვის, რომ ავლაბარი, კერძოდ კი ქეთევან წამებულის გამზირი, რომელიც გადატვირთულია, ალტერნატიული გზით განიტვირთოს", - აღნიშნა უგულავამ.