პარტია "თავისუფლების" წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლებას "კეთილგონიერად მოქცევისკენ" მოუწოდებს.
როგორც მან "პრაიმ ტაიმის" პრესცენტრში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "რუსულ პოლიტიკურ წრეებში ნატრობენ, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები გაყალბდეს და სიტუაცია გამწვავდეს".
"იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გააყალბებს ადგილობრივ არჩევნებს, საქართველოში, შესაძლოა, რუსული სცენარი ამოქმედდეს. მოხდება თუ არა ქვეყანაში კატაკლიზმები, ეს მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ვინაიდან არჩევნების გაყალბებას მოყვება ოპოზიციური გამოსვლები, აქციები, რაც რუსეთმა, შესაძლოა, საკუთარი ინტერესებისა და მიზნებისთვის გამოიყენოს," - ამბობს ბრეგაძე.
მისი თქმით, რუსეთი თავის პოზიციებს საქართველოში მანამდე გაიმყარებს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იქნება, ვინაიდან მისი მმართველობის პერიოდში ეს პროცესი ბევრად უფრო ადვილი იქნება, ვიდრე სხვა რომელიმე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში.
რაც შეეხება "რუსეთის სცენარის განამხორციელებელს", ბრეგაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ამზადებენ ადამიანს, რომელიც მხოლოდ გვარით იქნება ქართველი და სხვა არანაირი შეხება არ ექნება ქართველობასთან.
"ქართული ოპოზიცია კი შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს", - განმარტა მან.