კახეთი, კერძოდ გურჯაანი პირველია საქართველოში, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს კრიზისული ცენტრი შეიფარებს.
„ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ ორადგილიანი კრიზისული ცენტრი გურჯაანის გამგეობის შენობაში გახსნა. ძალადობის მსხვერპლი ქალები კრიზისულ ცენტრში მანამ დარჩებიან, სანამ მათ მსხვერპლის სტატუსი მიენიჭებათ. სტატუსის მიღების შემდეგ კი მათ თავშესაფარში გადაიყვანენ.
როგორც „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, წლებია, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ და როგორც იქნა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად შედეგიც დადგა: „როგორც იქნა, მივაღწიეთ რასაც წლებია ვცდილობთ. ეს პირველი კრიზისული ცენტრია საქართველოში, რომელიც ქუჩაში დარჩენილ, სახლიდან გამოგდებულ, დამცირებულ და შეურაცხყოფილ ქალბატონებს შეიფარებს. აქ მათზე იზრუნებენ და თავშესაფარში გადაყვანამდე დაცულები იქნებიან. ჩვენი კვლევებით, საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში კი ადგილები მუდმივად დაკავებულია. სახელიმწიფოს 3 თავშესაფარი გააჩნია. ქსელს კი - 2. მაგრამ, რადგანაც სახელმწიფო თავშესაფარში მოხვედრა ძალიან რთულია და სპეციალური პროცედურები სჭირდება, მსხვერპლები ფაქტიურად ქუჩაში რჩებიან და ქსელის თავშესაფარი ინახავს. მსხვერპლთა 50%, ვინც ჩვენი თავშესაფრით ისარგებლა, მოძალადესთან დაბრუნდა. მიზეზი სწორედ ის არის, რომ წასასველი არსად აქვთ, არც სამსახური აქვთ და არც სხვა შემოსავალი. კახეტში გახსნილი კრიზისული ცენტრი კი არის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადიგილი მანამ, სანამ ისინი სტატუსს მიიღებენ და სახელმწიფო თავშესაფარში გადავლენ.“
კრიზისული ცენტრის გახსნას პარლამენტარი, გენდერული საბჭოს წევრი გუგული მაღრაძეც დაესწრო. მან იმედი გამოთქვა, რომ კახეთს სხვა მუნიციპალიტეტებიც მიბაძავენ და კრიზისული ცენტრისთვის ფართს გამოყოფენ: „რამდენიმე კვირის წინ პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლითაც თვითმმართველობებს უფლებამოსილება ენიჭებათ ოჯახში ძალადობოს საპრევენციო ღონისზიებები დაგეგმონ და შეიმუშაონ. მსგავსი კრიზისული ცენტრებს არსებობა აუცილებელია, მას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. კრიზისული ცენტრი ადრე რომ გვქონოდა, სოფელ იორმუღალოს ტრაგედია არც მოხდებოდა და სახლიდან გამოძევებული და მეზობლებისგან შეურაცხყოფილი ქალბატონი თავს არ ჩამოიხრჩობდა. იმედი მაქვს, გურჯაანს სხვა მინუციპალიტეტებიც მიბაძავენ და კრიზისული ცენტრები კიდევ გაიხსნება.“
გურჯაანის კრიზისული ცენტრის გახსნაში მონაწილოება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ცენტრალური მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ცენტრის გახსნა კი პოლონეთის საელჩოსა და ინგლისური საქველმოქმედო ორგანიზაცია „სინგრიდ რაუზინგ თრასთ-ის“ ფინანსური დახმარებით მოხერხდა.