რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებზე თავდასხმა უკრაინაში ომის დასრულებამდეც კი განახორციელოს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ჩიხშია“.
ამის შესახებ ზელენსკი The Guardian-ს ესაუბრა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ.
„მე ვფიქრობ, რომ კი. მას შეუძლია ამის გაკეთება. უნდა დავივიწყოთ საერთო ევროპული სკეპტიციზმი, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპაცია სურს და შემდეგ სხვა რამეზე გადასვლა. მას ერთდროულად შეუძლია ერთიც და მეორეც გააკეთოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ევროპაში კრიმინალური აქტივობის ზრდა, მათ შორის პოლონეთში დრონების შეჭრა და სხვა ევროპული დედაქალაქების აეროპორტების თავზე დრონების ბოლოდროინდელი გამოჩენა, რუსეთის მიერ უკრაინის ფრონტზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის უუნარობას დაუკავშირა.
„პუტინი რეალური წარმატების თვალსაზრისით გამოუვალ მდგომარეობაშია. მისთვის ეს უფრო ჩიხია. სწორედ ამიტომ, ამ წარუმატებლობებმა შესაძლოა, აიძულოს იგი ეძებოს სხვა ტერიტორიები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთი დიდი და აგრესიული ქვეყანაა, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და რეგიონების გასაერთიანებლად დიდი გარე მოწინააღმდეგე სჭირდება. მისივე თქმით, პუტინი აშშ-სა და დასავლეთს მტრებად მიიჩნევს.
„რუსეთთან მეგობრობა ამერიკისთვის გამოსავალი არ არის. ღირებულებების თვალსაზრისით, უკრაინა გაცილებით უფრო ახლოსაა შეერთებულ შტატებთან, ვიდრე რუსეთთან“, - თქვა მან.