უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარა. მან ბრიტანეთის მონარქს უკრაინის მიმართ „ძალიან ერთგული" ადამიანი უწოდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მეფე ჩარლზ III-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა უფრო აქტიურად მხარი დაეჭირა უკრაინისთვის თებერვალში ოვალურ კაბინეტში კამერების წინ გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ.
სექტემბერში დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს ტრამპი მეფეს შეხვდა.
„ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ როგორც მე მესმის, მისმა უდიდებულესობამ პრეზიდენტ ტრამპს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიგნალი გაუგზავნა“, - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ტრამპი პატივს სცემს მეფეს და მას „ძალიან მნიშვნელოვან“ პიროვნებად მიიჩნევს, რაც, მისი აზრით, გულწრფელი კომპლიმენტია, რომელსაც „ბევრი ადამიანი არ იღებს“.
„მისი უდიდებულესობა ძალიან მგრძნობიარეა ჩვენი ხალხის მიმართ. შესაძლოა, „მგრძნობიარე“ არც ისე შესაფერისი სიტყვაა. ის ძალიან გვიჭერს მხარს“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სხვა დასავლელი ლიდერებისგან განსხვავებით, მას დონალდ ტრამპის „არ ეშინია“ და უარყო ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მათი ბოლო შეხვედრა დაძაბული იყო და დასძინა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„მსოფლიოში ყველას ეშინია ტრამპის“, – აღნიშნა ზელენსკიმ. კითხვაზე, ეხება თუ არა ეს მასაც, ზელენსკიმ უპასუხა: „არა… ჩვენ არ ვართ ამერიკის მტრები. ჩვენ მეგობრები ვართ. რატომ უნდა გვეშინოდეს?“