კურორტ "თეთნულდს" საბაგირო გზა შეემატა- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „თეთნულდის“ მშენებლობის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა. საბაგიროების მწარმოებელი ფრანგული კომპანია "პომას" მიერ აშენებული, ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
პრემიერმა, ყველას, ვისაც თეთნულდის მონახულება სურს, პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კარგი რესურსი გააჩნია, რაც რაციონალურად და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
გიორგი კვირიკაშვილი ტურიზმს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, რომლის განვითარება ქვეყანას მოუტანს დამატებით ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს.
"დღეს თეთნულდზე ფუნქციონირენს ერთი სათხილამურო ტრასა, ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ვგეგმავთ გაკეთდეს დამატებითი საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება, ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე თეთნულდამდე მივა. საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, რამდენიმე საწყის სასტუმროს გავაკეთებთ, რათა ბიძგი მივცეთ ამ კურორტის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან წარმატებლი პროექტი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მზადდება კონკრეტული გეგმა და მისი განხორციელება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება.
სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აფინანსებს.
თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე(1.7კმ) იქნება.
,,მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.
უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება.
მნიშვნელოვანია, რომ კურორტ თეთნულდზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. კურორტის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა.