საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუში „ვექტორი“ პირადპირი ჩართვისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების ქოლგის მექანიზმებს შეეხო. თინათინ ხიდაშელმა საერთაშორისო წვრთნებსა და მისიებში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საშუალებად დაასახელა.
„რაც უფრო უკეთ იქნებიან მომზადებული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ არავის გაუჩნდეს მეორე აზრი საქართველოსთან მიმართებაში. მათ შორის, ჩვენი მისიებიც სწორედ ამას ემსახურება. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ იცავენ მსოფლიო მშვიდობას, მაგრამ ამავდროულად იმაღლებენ კვალიფიკაციასა და წვდომას შესაძლებლობებთან. ეს არ არის ერთადერთი საშუალება, ჩვენ ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებებზე ვმუშაობთ. ჩვენი უსაფრთხოების გარანტია უფრო მაღალი შესაძლებლობებია თავდაცვისუნარიანობისთვის. ამაზე ვმუშაობთ ჩვენ. წვრთნები და ჯარის მომზადება არის ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ არა ერთადერთი. ცნობილი ფრანგული კონტრაქტიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ემსახურება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით თიანთინ ხიდაშელმა ვიზალიბერალიზაციაც ახსენა: „ეს იქნება ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელსაც დღეს ჩვენ შევთავაზებთ საქართველოს მოსახლეობას იმისათვის, რომ იგრძნოს, თუ რას ნიშნავს ევროპა. ასეთივე იქნება ის ნებისმიერი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საშუალება, რომელიც უფრო მეტ უსაფრხოებას უზრუნველყოფს ქვეყნისთვის. ასეთი არის თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ასეთი არის საუბრები, რომლებიც დაწყებულია სხვა პარტნიორებთან, იმავე თავისუფალი ვაჭრობისთვის. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე ათეულ კილომეტრში სხვა ქვეყნის დროშები ფრიალებს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და სულ რამდენიმე წლის წინ ქართული სოფლები ბულდოზერებით მიწასთან გაასწორეს იმისათვის, რომ ქართული მოსახლეობა უკან არ დაბრუნებულიყო. ეს ჩვენს თაობაში მოხდა, ეს არ არის ისტორიის წიგნების ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გვახსოვდეს მუდმივად, როდესაც ვფიქრობთ გადაწყვეტილების მიღებაზე.“
უსაფრთხოების ქოლგის მექანიზმების კონტექსტში თინათინ ხიდაშელმა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „გუშინ და გუშინწინ შავი ზღვა არ წარმოადგენდა სტრატეგიული ინტერესის სფეროს ნატოსთვის. ყირიმის შემდეგ შავი ზღვა ნატოსთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სტრატეგიული გეოგრაფია გახდა. ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, რომელიც იქმნება დღეს ნატოს ფარგლებში, საქართველო იყოს სრულფასოვანი მონაწილე. იქნება დაცული შავი ზღვა? იქნება დაცული საქართველოც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს ამ დაცვის მექანიზმების ნაწილი,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში „ვექტორი“ პირდაპირი ჩართვისას.