ზოოპრეპარატი „ასდფ 2“, რომელსაც ინტერნეტში კიბოს მკურნალობის უებარ საშუალებად ასახელებენ, რეალურად სიმსივნეს არ კურნავს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის სპეციალისტმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.
„ნებისმიერი პრეპარატის მიღება, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს ფატალური. ამ პრეპარატების ტოქსიკური და ალერგიული ფონი გაცილებით მაღალია, ვიდრე მედიცინაში გამოყენებული პრეპარატებისა. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ ვეტერინარული წამლების ანოტაციებში, ასევე შესაბამისი წამლების მწარმოებელი კომპანიების საიტებზე თვითონ მწარმოებლები აცხადებენ ოფიციალურად, რომ ეს პრეპარატები განკუთვნილია ცხოველებისთვის და არ შეიძლება მათი ადამიანისთვის მოხმარება“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, არსებობს ვეტერინარიაში გამოყენებული ნებისმიერი პრეპარატის ანალოგი, რომელიც იხმარება მედიცინაში და მორგებულია და შექმნილია ადამიანისთვის და გაუგებარია, რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა ცხოველისთვის განკუთვნილი მედიკამენტი, როცა არის იგივე შემადგენლობის პრეპარატები, ოღონდ ადამიანზე მორგებული.
„ასდფ 2“, შესახებ “ლეგენდები” დიდი ხანია დადის. ეს არის პრეპარატი, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში შექმნა რუსმა მეცნიერმა დოროგოვმა. ეს პრეპარატი მიიღება ცხოველების ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის ნარჩენების დამუშავებით მაღალ ტემპერატურაზე. ეს არის ანტისეპტიკი და იმუნოსტიმულატორი და იხმარება ვეტერინარიაში და იხმარებოდა მედიცინაშიც, როგორც გარეგანი, ანუ კანზე წასასმელი საშუალება. თავის დროზე, 50-იან და 60-იან წლებში ბუმი იყო ამ პრეპარატზე და მის შესაძენად მოსკოვში რიგებიც იდგა თურმე. თუმცა შემდეგ ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა, რადგან, რა თქმა უნდა, არანაირი განკურნება სიმსივნეებისა არ ხდებოდა. ჩემთვის გაურკვეველია, რატომ არის აქტიური ეს თემა დღეს?!”, - აცხადებს ჩიხლაძე. და დასძენს, - „კარგად თუ დავაკვირდებით, უარყოფითი კომენტარი უფრო მეტია, ვიდრე დადებითი. ის დადებითი კომენტარებიც რომ ავიღოთ, იქაც კი ვერ ნახავთ ვერც ერთს, რომელიც ამბობს, რომ ამ პრეპარატმა სიმსივნისგან განკურნა ვინმე. დადებითი ეფექტის შემთხვევაშიც კი ის არ იხმარებოდა მონოთერაპიის სახით, არამედ მიიღებოდა სიმსივნის საწინააღმდეგო კლასიკურ პრეპარატებთან ერთად. ასე რომ, ხმები ამ პრეპარატის სასწაულმოქმედებაზე, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია”.
ჩიხლაძე აცხადებს, რომ სჯობს, ისევ გამოცდილი და უსაფრთხო პრეპარატების მიღება და რაც მთავარია, ექიმის მიერ დანიშნულის, ვიდრე საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ტარება.