რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დაკვეთით, სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე გზის საფარის აღდგენის და სანაპირო ზოლის გამაგრების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის” დირექტორთან იოსებ ოზაშვილთან ერთად დაათვალიერა.
გამაგრების სამუშაოების დაწყებამდე, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მგზავრების უსაფრთხოებას. ინტენსიური ქვისცვენის გამო პრობლემას ქმნიდა გზის კლდოვანი ნაწილიც. ქვისცვენის შესაჩერებლად, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე კეთდება; სანაპიროზე შენდება 8 მეტრი სიმაღლის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ტეტრაპოდით. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზაზე არსებულ 110-მეტრიანი ესტაკადას და კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია დაცული და უსაფრთხო გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე - საერათაშორისო გადამზიდავებისა და უცხოელი მგზავრებისთვის.
სარფის ნაპირგამგარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 58 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებზე 100 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.