კიევის შევჩენკოს რაიონში, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი ადამიანი, საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, კიდევ 30 პაციენტი და თანამშრომელი კი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ინფორმაციას კიევის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, 13 ნოემბრის ღამეს რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად, შევჩენკოს რაიონში მდებარე ექვსსართულიანი სამედიცინო დაწესებულების შენობის პირველიდან მესამე სართულამდე ხანძარი გაჩნდა. მეორე სართულზე შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.
„13 ნოემბრის ღამეს რუსეთმა დედაქალაქზე მორიგი თავდასხმა განახორციელა. მტრის დაბომბვის შედეგად, შევჩენკოს რაიონში მდებარე ექვსსართულიანი სამედიცინო დაწესებულების შენობის პირველიდან მესამე სართულამდე ხანძარი გაჩნდა, მეორე სართულზე კი შენობა ნაწილობრივ დაინგრა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.