დღეს, 14 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს კომპანია "ბილაინი", გალაკტიონის ძმისშვილის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ნოდარ ტაბიძის მიერ 21-ე საუკუნის აღმოჩენად შეფასებულ, გალაკტიონ ტაბიძის უცნობ ფოტოებს გადასცემს.
მუზეუმს კერძო პირმა პირადი უნიკალური კოლექციის შეძენა შესთავაზა. კოლექციაში აღმოჩნდა საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი პოეტის უცნობი ფოტოები. რამდენიმე ფოტოზე გალაკტიონი აკაკი წერეთლის საფლავთან დგას. ეს ფოტოები აღმოჩენაა მუზეუმისთვის, ხოლო საზოგადოებისთვის ფასდაუდებელ განძს წარმოადგენს. 10 უნიკალური ფოტოკადრი სასინჯ ეგზემპლარად იყო გადაღებული, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამოქვეყნებულა. საბჭოთა ცენზურის მიერ დაწუნებულ ერთ ფოტოზე პოეტი მისი ხელოვნების თაყვანისმცემელ ორ მანდილოსანთან ერთად დგას, მეორე ფოტოზე ჩიბუხით ხელში მთაწმინდიდან თბილისს გაჰყურებს, მესამეში კი ლექსის წარმოთქმის მომენტშია გადაღებული.
კოლექციაში ასევე წარმოდგენილია ფილმიდან გიორგი საააკაძე იმ ეპიზოდების ფოტოები, რომელიც ფილმში არ მოხვდა, ასევე ნატო ვაჩნაძის ფოტო ფილმიდან "უკანასკნელი ჯვაროსანი".
აღსანიშნავია შუშის ნეგატივები, რომელზედაც აღბეჭდილია კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე, მწერალი შალვა დადიანი და მსახიობი სერგო ზაქარიაძე.