საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში ქ. ბათუმში მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა ნაპირი, რომელიც ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს ინტენსიურად ირეცხებოდა. გამორეცხვების შედეგად დაზიანდა დასახლებასთან დამაკავშირებელი გზა და რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. აღნიშნული პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, დაზიანების საშიშროება ექმნებოდა მდინარის კალაპოტის მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსაც. სტიქიის პრევენციის მიზნით, გატარდა შესაბამისი ნაპირგამაგრებითი ღონისძიებები. მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ, 250 მეტრის სიგრძეზე მოეწყო ქვის გაბიონის 4 იარუსიანი დამცავი კედელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სეზონური უხვნალექიანობისათვის დამახასიათებელი პრობლემებისაგან დაიცავს.
ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ღირებულებამ 329.6 ათასი ლარი შეადგინა.