სახელმწიფო ბიუჯეტში სხვადასხვა სახის ფონდების შექმნისა და მათი გამოყენების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საკითხი კვლავ აქტუალურია. ამის შესახებ კონტროლის პალატის მიერ, გასული წლის ბიუჯეტის შესრულებაზე, მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მომზადებულ მოხსენებაშია ნათქვამი.
როგორც კონტროლის პალატა აღნიშნავს, ეს თემა კვლავ დღის წესრიგში დგას იმედანდ, რამდენადაც "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონი კვლავინდებურად ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტში სხვადასხვა სახელწოდებით მითითებულ რიგ ფონდებსა და ღონისძიებებს, რომელთა ძირითადი ნაწილი (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებისა), დანიშნულებიდან და გამოყენების წესებიდან გამომდინარე სარეზერვო ფონდების ხასიათს ატარებს.
მოხსენების თანახმად, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარის ოდენობით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარის ოდენობით და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 182,6 მლნ ლარის ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 49 998,0 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო გაწეულმა ხარჯმა- 49 858,8 ათასი ლარი. მთავრობის ანგარიშის შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი მოცულობა უკვე 51,2 მლნ ლარს, ხოლო ხაზინიდან განხორციელებული ფაქტობრივი გადახდები 50 მლნ ლარს შეადგენდა.
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კი, 48,66 მლნ ლარი იქნა გამოყოფილი, ხოლო საკასო შესრულებამ - 47,30 მლნ ლარი შეადგინა. მათგან 23 მლნ ლარის ოდენობის საკასო ხარჯი გაწეულია 2009 წლის 1 ივლისის შემდგომ პერიოდში.
საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი "საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" ანგარიშის შესაბამისად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წლის პირველ ნახევარში გაწეული საკასო ხარჯი 41,3 მლნ ლარს შეადგენდა.
"საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 123 მლნ ლარით განისაზღვრა, განხორციელებული 2 ცვლილების შემდეგ მისი მოცულობა 48,5 პროცენტით პროცენტით გაიზარდა და 182,6 მლნ ლარის ოდენობით დამტკიცდა.
მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად კი, საქართველოს მთავრობის 32 სხვადასხვა განკარგულების შესაბამისად, ფონდიდან გამოყოფილმა ასიგნებების მოცულობამ 213,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც თავდაპირველი გეგმით განსაზღვრულ ოდენობას 30,6 მლნ ლარით აღემატება. ამასთან, ანგარიშში არაფერია ნათქვამი თანხების ათვისების შესახებ.