საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ძველი სახელწოდებით ტიკმანტაჟის უღელტეხილი), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ძლიერი ყინვის, ქარბუქის, უხვი ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო დაკეტილი იყო.
ფარავნის უღელტეხილი ზამთარში უმკაცრესი კლიმატით ხასიათდება. ხშირად, ერთდროულად არის დიდთოვლობაც, ძლიერი ყინვაც და ქარბუქიც. ამ დროს: გზის გაწმენდითი სამუშაოები ეფექტური არ არის, რადგან რამდენიმე წუთში ქარბუქისაგან მოტანილი ნაქმერი ისევ ავსებს გზის სავალ ნაწილს; შეუძლებელია მიმართულების განსაზღვრა და გადაადგილება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ამინდის გაუარესებასთან ერთად, მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთი იკეტება და ამინდის გაუმჯობესების გრძელვადიან პროგნოზამდე ნინოწმინდის მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე.