პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სოფელ ასურეთის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას გეგმავს.
აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განსახილველად დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გამოიტანა.
"ასურეთში არის გერმანული უნიკალური არქიტექტურა, ძველი გერმანული სოფელი, გერმანული სახლები, ასევე გერმანელთა საფლავები და ჩვენ ვაპირებთ გაისად დავიწყოთ უკვე სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე იგეგმება ლუთერანული ეკლესიის სრული რეაბილიტაცია, ასევე ძველ იერსახეს დავუბრუნებთ გერმანულ სახლებს. მოვაწესრიგებთ საფლავებს, გზებს, განათებებს იმისთვის, რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიული კულტურული ადგილი არა მარტო გერმანელებისთვის, არამედ სხვა ტურისტებისთვის", -
განაცხადა პრემიერმა.
ნოდარ ჯავახიშვილი კი მიიჩნევს, რომ გზების ნაწილში პროექტირებას დიდი დრო არ დასჭირდება. რაც შეეხება სახლების რეკონსტრუქციას, მინისტრი გეგმავს, რომ ეს საქმე ასევე გერმანელებს მიანდოს.
,,გერმანიის საელჩო აღფრთოვანებულია. ასევე ჩავრთეთ ჩვენი საელჩო გერმანიაში. სოფელთან ახლოს არის უნიკალური მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული ღვინის ქარხანა ძალიან საინტერესო საცავებით. მისი მფლობელი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ის თანახმაა ინვესტირება განხორციელდეს. იმედია, მალე მოვძებნით გერმანელ ინვესტორს. რატომღაც მაინცდამაინც გერმანელი ინვესტორი მინდა", - განაცხადა ჯავახიშვილმა და დასძინა ასევე, რომ აღდგება ყურძნის კულტურაც.