აშშ-ში თავის კომპიუტერულ ქსელებზე შეტევების საპასუხოდ საპასუხო სამხედრო დარტყმის განხორციელებას არ გამორიცხავენ. განცხადება ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს მილერმა გააკეთა ნაციონალურ უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ვაშინგტონი სამხედრო ძალას, იმ შემთხვევაში თუკი ვინმე გარედან სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყანას, მილერმა განაცხადა: "დიახ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ პოტენციური პასუხების გასაცემად, რომლებიც კიბერსივრცით არ შემოიფარგლება".
მისი თქმით, სამხედრო სფეროში "არის მრავალი ნაცრისფერი ზონა", მაგალითად, არ არის გარკვეული რა უნდა მივიჩნიოთ "კიბერსივრცეში აგრესიის აქტად".
"უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი კომპიუტერული სისტემების გატეხვის მცდელობებმა მნიშვნელოვნად იმატა. ჩვენს ქსელებს დღეში ათასჯერ ეხებიან. ჩვენ ვზარალობთ, იმ გაგებით, რომ ჩვენ ინფორმაციას ვკარგავთ. დაკარგული ინფორმაციის მოცულობა კი ტერაბაიტებით იზომება, რაც აშშ-ს კონგრესის მრავალი ბიბლიოთეკის მოცულობის ექვივალენტურია", _ აცხადებს მილერი.
მისივე თქმით, "ჩვენ სრულად ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დაუცველნი ვართ. 100-ზე მეტი საზღვარგარეთის ქვეყნის უშიშროების სამსახური მუშაობს იმაზე, რომ შეაღიონ აშშ-ს კომპიუტერულ ქსელებში. სამრეწველო ჯაშუშობაზე, ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ჰაკერებზე ხომ უკვე აღარაფერს ვამბობ".
ჰაკერებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად პენტაგონმა ახალი სტრუქტურა _ კიბერსარდლობა შეიმუშავა. გასულ კვირას სენატმა ამ უწყების მეთაურად გენერალი კიტ ალექსანდერი დანიშნა.