საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
„ჩალაუბნის მოსახლეობა რეაბილიტირებულ გზაზე გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სოფელ ჩალაუბნის გზას რეაბილიტაცია 1970 წლის შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, მასზე გადაადგილება გართულებული იყო. პროექტის ფარგლებში, მოხდება სოფელ ჩალაუბნის 4 კმ-იანი ამორტიზირებული გზის სრული რეაბილიტაცია: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, გაკეთდება მოსახლეობის ეზოში შესასვლელები. სამშენებლო სამუშაოზე 40-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. პროექტი, რომლის ღირებულება 950 675,00 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.