"სეპარატისტებს თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულება მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რომ მერე ააფრიალონ და თქვან, რომ თბილისმა ჩვენი დამოუკიდებლობა სცნო", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, ხელშეკრულების ორ თანასწორ სუბიექტს შორის უნდა გაფორმდეს, ამის გათვალისწინებით, კი თუ თბილისი დოკუმენტს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გაფორმებს ეს არაპირდაპირ, ირიბად მათი ცნობას ნიშნავს.
"ნებისმიერი მსგავსი ტიპის ხელშეკრულება ქართულმა მხარემ მხოლოდ რუსეთთან უნდა გაფორმოს, რადგან ცხინვალშიც და სოხუმშიც რუსეთის ჯარი დგას და იქ არის რუსეთის ბაზებიც. ოფიციალურად მოსკოვს სეპარატისტებთან ხელშეკრულება თავდაცვის, ურთიერთდახმარების, საზღვრის დაცვის სფეროებში აქვს გაფორმებული, ამიტომ ცხინვალს და სოხუმს უფრო ნაკლები არგუმენტაცია რჩება, რომ თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმება მოითხოვოს", - აცხადებს ცინცაძე.
მისივე შეფასებით, თავდასხმა სეპარატისტულ რეგიონებზე ნიშნავს თავდასხმას რუსეთზე, ამიტომ საერთაშორისო სამართლის და იურიდიული მიზანშეწონილობით თვალსაზრისით არანაირი მოტივაცია არ დარჩათ სეპარატისტებს.
"ცხინვალის და სოხუმის მოთხოვნის ერთადერთი მოტივაციას ის წამოადგენს, რომ თბილისმა არაპირდაპირ, ირიბად აღიაროს მათი დამოუკიდებლობა. თავდაუსხმელობის ხელშეკრულები იდება იმითვის, რომ ერთმა სახელმწიფომ მეორისგან თავი დაიცვას. ამ შემთხვევაში კი ეს შიში ამ რეგიონებში არ არსებობს მას შემდეგ, რაც რუსეთი აფხაზეთში და ცხინვალის რეგინში არმიით შევიდა. თბილისს ასეთ პროვოკაციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვეს და არც აყვება", - განაცხადა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების, ასევე რუსული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ.
ჟენევის მორიგი, მე-11 რაინდი კი 8 ივნისს გაიმართება.