ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკების არსებობა მიზანშეწონილი არ არის. "ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ფაქტიურად არანაირი შედეგი არ არის მიღწეული და შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკების ეს ფორმატი შექმნილია იმისთვის, რომ დასავლეთს გარკვეულწილად ჰქონდეს იმის განწყობა, რომ კონფლიქტის მოგვარებაშია ჩართული. თუმცა, რეალურად ეს არ იქნება გარკვეულ შედეგებზე ორიენტირებული, ამიტომ მისი არსებობა მიზანშეწონილი არ არის",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების ის ფორმულირება, რომელსაც რუსეთი ქართულ მხარეს სთავაზობს, სადაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად უნდა დაფიქსირდნენ ქვეყნისთვის პრინციპულ ინტერესებს არღვევს.
"რუსეთი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს და ამ პაქტშიც მოითხოვს მათ, როგორც ორი სახელმწიფოს დაფიქსირებას. ამიტომ ეს ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბარი გარკვეულწილად არის მიმართული იმისკენ, რომ მოლაპარაკები ჩაიშალოს. ეს კი თავისთავად ზეწოლის საშუალება, როგორც საქართველოზე, ასევე დასავლეთზე, რომლითაც მათ იძულებულს ხდიან ჩვენ გვაიძულონ მსგავსი ტიპის დოკუმენტზე ხელის მოწერა", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკების უკვე ჩიხში შევიდა და თუ რამე ახალი ფორმატი არ შემუშავდა, ასეთ შეხვედრას პერსპექტივა არ ექნება.
"ჯობია რომ ჟენევის მოლაპარაკების გაუქმდეს, რადგან მის არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება დასავლეთმა უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას, რომ რეალურად უფრო მეტად მოქმედი ფორმატის მოლაპარაკების შედგეს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-11 რაუნდი 8 ივნის გაიმართება.