"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თავმჯდომარე გულაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოუშვან ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული პირები.
"თუ ხელისუფლება არ გამოუშვებს ქრისტესთვის წამებულ რაინდებს, ეს იქნება ნიშანი, რასაც მოჰყვება ის, რომ მე მომიწევს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. არ ვურჩევ ხელისუფლებას ჩემს ამ ზომამდე მიყვანას და ვაფრთხილებ, რომ მე დიდი შესაძლებლობები მაქვს", - განუცხადა გულაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე თქმით, იგი ასეთ შემთხვევაში არ აპირებს რაიმე სახის დათმობაზე წასვლას.
"300 ათასი კაცი კი არა, 10 ათასი კაციც რომ შევკრიბო, არ ვაპირებ ისინი სახლებში გავუშვა და ამ ხელისუფლებას დავამთავრებ", - განმარტავს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გულაშვილი.
გარდა ამისა, გულაშვილის თქმით, იგი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას იმ პრინციპების დასაცავად, რომლისთვისაც "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" შეიქმნა და ყოველმხრივ დაუპირისპირდება "თავისუფლების ინსტიტუტს".
"თავისუფლების ინსტიტუტი" უნდა აიკრძალოს, ან ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ იგი არის ამ ინსტიტუტის მძევალი. ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც და "თავისუფლების ინსტიტუტი" ერთი და იგივეა", - განაცხადა გულაშვილმა.