2009 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე მთავრობის ანგარიშში, მხარჯავ დაწესებულებებში დასაქმებულთა ოდენობა არ არის დაფიქსირებული. ამის შესახებ კონტროლის პალატის მოხსენაბაში ნათქვამი, რომელიც მთავრობის ანგრაშითან დაკავშირებით მომზადდა.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, 2008 წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურებაზე მიმართული სახსრების მოცულობა, 2009 წელს 28,5 მლნ ლარის ოდენობით გაიზარდა. თუმცა, მთავრობის ანგარიშში არ არის მოცემული მხარჯავ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა ფაქტობრივი რიცხოვნობა, რის გამოც ვერ დგინდება წლიური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მუშაკთა რიცხოვნობის ზღვრული ოდენობის ლიმიტის დაცვის მდგომარეობა; ერთ მუშაკზე გაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ხარჯების საშუალო წლიური ფაქტობრივი მაჩვენებელი და ადმინისტრაციული ხარჯების მართვის მდგომარეობა.
კონტროლის პალატაში მიიჩნევენ, რომ ამ ნაწილში მთავრობის ანგარიში არასრულია.
ამასთან, მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კლასიფიკაციის შესაბამისად, წლიური ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით განსაზღვრული გადასახდელები არ შესრულებულა არცერთი სფეროს მიხედვით და შეუსრულებლობამ მთლიანობაში 161,5 მლნ ლარი, ანუ 2,5 პროცენტი შეადგინა.
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობაში, ასიგნებებიდან ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი 25 პროცენტი საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე მოდის. სახაზინო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ სფეროს დაფინანსება 12,9 მლნ ლარით აღემატება 2009 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებულ მოცულობას და 213,4 მლნ ლარით აღემატება 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2009 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან გადასახდელების სახით გადახდილი თანხების ფაქტიურმა მოცულობამ 6 754 106,8 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 97,1 პროცენტი შეადგინა.
განსაკუთრებით დიდია სხვაობა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით ფინანსური აქტივების ზრდის (პროცენტები, დივიდენდები, რენტა) სახით განხორციელებული გადახდების მოცულობაში და იგი გეგმის მხოლოდ 78,3 პროცენტს შეადგენს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ნაკლები ოდენობის სესხების გაცემით აიხსნება.