პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება და აცხადებს, რომ "არჩევნებს თბილისში გიგი უგულავა მოიგებს".
"ის, რომ გიგი უგულავა იგებს არჩევნებს, არავისთვის არ არის ახალი ამბავი. ყველამ ისიც, რომ მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე დიდი შანსები სწორედ მას აქვს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი არ მაქვს, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკვლევაში ეჭვი შევიპარო, მით უმეტეს, რომ 2 500-მდე ადამიანი, რომელთა გამოკითხვაც მოხდა, ნებისმიერი სახის სტატისტიკური მონაცემის მისაღებად სრულიად საკმარისი და წარმომადგენლობითია",- განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, თბილისელთა 57 % დედაქალაქის მერად მმართველი გუნდის კანდიდატის, გიგი უგულავას გახდომას უჭერს მხარს.
რაც შეეხება იმას, რომ ამავე კვლევის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას 51 % დადებითად აფასებს, პოლიტოლოგისთვის არც ეს მონაცემია გასაკვირი, რადგან განმარტავს, რომ "მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, "ნაციონალურმა მოძრაობამ კი საპარლამენტო არჩევნებისას დაახლოებით ამავე რაოდენობის მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვეს".
"საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი სააკაშვილისა და მმართველი გუნდისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითისკენ არ შეცვლილა",- განმარტავს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 57 % თბილისის მერად მმართველი გუნდის კანდიდატის - გიგი უგულავას გახდომას უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა 7 %-ით "ალიანსის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, მესამეზე "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე, შემდეგი პოზიცია კი "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატ გია ჭანტურიას უჭირავს. "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური პირველ ხუთეულში საერთოდ ვერ მოხვდა.