საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომლის მიზანია შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ზღვრულ ასაკს მიღწეულმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეებმა, ღირსეულად დატოვონ შეიარაღებული ძალები და მოახდინონ სამოქალაქო საზოგადოებში რეინტეგრაცია. კანონპროექტით კომპენსაცია ასევე გავრცელდება მარჩენალ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებზე და იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ამჟამად იღებენ დადგენილ საპენსიო თანხას.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტით არსებითად უმჯობესდება სოციალური დახმარება საპენსიო ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურეთათვის. კანონპროექტით შეთავაზებული საპენსიო ფონდი თითქმის 4-ჯერ აღემატება ამჟამად არსებულ ფონდს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნამსახურეობის ყოველ დამატებით წელზე კომპენსაცია იმატებს. გარდა ამისა კომპენსაციის მიღების დროს სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით მკვეთრად შემცირდება კორუფციის რისკები, გაჯანსაღდება სამინისტროში რეკრუტირების და ახალი კადრების აყვანის სისტემა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ერთგულად ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ექნება მოლოდინი, რომ 20 წლის სამსახურის შემდეგ, ღირსეულად დატოვებს შეიარაღებულ ძალებს და ექნება იმაზე მეტი კომპენსაცია, ვიდრე მას დღეს აქვს.
კანონპროექტის დადებით მხარეებს შორის, ასევე აღსანიშნავია კომპენსაციის დანიშვნა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი მიენიჭათ. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე წოდებრივი სარგოს 75%-ს მიიღებს კომპენსაციის სახით, ხოლო მნიშვნელოვანად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში - წოდებრივი სარგოს 65- %-ს.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათი სოციალური მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს და ასევე ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან.