შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ბალანსისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს "ჰოლიდეი ინნში" მიმდინარე ფორუმზე. შავი ზღვის აუზის ქვეყნებში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს ჰერიტიჯის ფონდის ექსპერტმა ლიუკ კოფიმ, საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა მაიკლ სესირემ, რუმინეთის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა იულიან შიფუმ, სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორმა რიჩარდ გირაგოსიანმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმოადგენელმა სერგეი უტკინმა, “უკრაინ ანალიტიკას“ მთავარმა რედაქტორმა ჰანა შელესტმა, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიურმა ხელმძღვანელმა თორნიკე შარაშენიძემ და აზერბაიჯანის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ექსპერტმა ქამალ ნამიგ მაკილი-ალიევმა.
მონაწილეებმა რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენა და მისი განეიტრალებისთვის საჭირო კოორდინირებული მოქმედებები იყო. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი არ არის უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიოში და არც შავი ზღვის რეგიონში, თუმცა თავისი პოლიტიკური ნების წყალობით ძალიან სერიოზული გავლენა აქვს. თორნიკე შარაშენიძის თქმით, სესიის დროს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობა რეგიონის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პანელის ერთ-ერთი თემა შავი ზღვის რეგიონში არსებული კონფლიქტები და მისი გადაჭრის გზები იყო. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება რუსეთის აქტიურ ქმედებებზე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში და აღინიშნა, რომ ძალთა დაბალანსების მიზნით, დასავლეთი რეგიონში უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი.
„2008 წლის ომმა ნათლად გვიჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. მაგალითად, საქართველოს პორტების ბლოკირება და მეორე ფრონტის გახსნა სწორედ რუსეთის ძალების მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან განხორციელდა. ამერიკული გემების შემოსვლამ საქართველოს საზღვაო აკვატორიაში რუსეთს შემაკავებელი სიგნალი გაუგზავნა. ნათელია, რომ შავი ზღვა საქართველოს უსაფრთხოებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ რუსეთის აგრესიისგან დაცვის თვალსაზრისით, არამედ ნატოს წევრ შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვცდილობთ შევქმნათ თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და კრიზისების მოგვარებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა მაიკლ სესირემ.