პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის აზრით, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უფროსის, რობერტ მიულერის თბილისში ჩამოსვლა "სააკაშვილის დაპატიმრების გეგმის სამზადისს" უკავშირდება.
"ჩემი აზრით, ასეთი დონის ადამიანი საქართველოში უბრალო საქმისთვის არ ჩამოვიდოდა. სერიოზულად ვფიქრობ და ნამდვილად არ ვხუმრობ -
სააკაშვილის დაპატიმრება მზადდება. ევროსაბჭომ ჯერ კიდევ 30 სექტემბერს გააკეთა ჰააგაში განცხადება, რომ პროკურატურამ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის გამოძიება უნდა დაიწყოს. საქართველოს პრეზიდენტს ხელბორკილებით რომ წაიყვანენ აქედან, ეს ფაქტია, თუმცა ძალიან არ მინდა მართალი აღმოვჩნდე. სააკაშვილი არ მომწონს, მაგრამ ასეთი სირცხვილი საქართველოს არ ეკადრება",- განუცხადა კლიმიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება მიულერის მიერ მერაბიშვილთან გამართულ შეხვედრას, პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს შს მინისტრს სააკაშვილის დაპატიმრების გეგმა აწყობს.
"მერაბიშვილი უკვე ფაქტიურად თვითონ მართავს ქვეყანას. რეალურად ის არის პრეზიდენტი და ბუნებრივია, მას სააკაშვილის დაპატიმრების სიტუაცია აწყობს. საკითხავი ის არის, ეს ჩვენთვის, ხალხისთვის რამდენად იქნება კარგი",- განმარტავს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ "ეფ-ბი-აის" უფროსი რობერტ მიულერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მისი ვიზიტის დეტალები საკმაოდ გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიულერი საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს შეხვდა. ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა საქართველო უკვე დატოვა.