დიდ ბრიტანეთში არჩევნები დასრულდა, ბრიტანელებმა არჩევანი კონსერვატორთა სასარგებლოდ გააკეთეს. 13-წლიანი მმართველობის შემდეგ ლეიბორისტებმა პარლამენტში უმრავლესობა ვეღარ მოიპოვეს, თუმცა კონსერვატორებს მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმები არ ყოფნით და ამიტომ ლეიბორისტებთან კოალიცია უნდა გააფორმონ. ხოლო ის თუ ვინ იქნება ბრიტანეთის პრემიერი _ პასუხი ამ კითხვაზე პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
წინასწარი მონაცემებით თემთა პალატის 305 მანდატი კონსერვატორებმა მოიპოვეს. ლეიბორისტები მხოლოდ 221 ადგილს დასჯერდნენ. 61 მანდატს კი ლიბერალ-დემოკრატები და დამოუკიდებელი კანდიდატები გადაინაწილებენ.
არჩევნებში შედეგად დიდ ბრიტანეთს ქვეყნის ისტორიაში მესამედ ე.წ. დაკიდული პარლამენტი ეყოლება. კონსერვატორებმა მნიშვნელოვანი უპირატესობის მიუხედავად აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თემთა პალატაში ძალთა ბალანსი ლიბერალ-დემოკრატებზე იქნება დამოკიდებული.
კოალიციის შექმნამდე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობას გორდონ ბრაუნი შეასრულებს.
ლეიბორისტების მარცხი ბოლო პერიოდში გახშირებულმა სკანდალებმაც განაპირობა. კონსერვატორების წისქვილზე წყალი ლეიბორისტების მიერ საიდუმლო დოკუმენტების დაკარგვამ ან მათმა გამჟღავნებამ, ფინანსურმა მაქინაციებმა და სხვა სკანდალებმა დაასხა.
არჩევნებს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ზოგიერთ საარჩევნო უბანში ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო. ზოგან ბიულეტენები დამთავრდა, ზოგან კი რიგში მდგომ ელექტორატს საარჩევნო უბნების კარი ცხვირწინ მიუკეტეს როდესაც "ბიგ-ბენმა" საღამოს ათი საათი ჩამოკრა.
წესით, ბრიტანეთში საარჩევნო უბნებმა მანამდე უნდა იმუშავონ სანამ რიგში მდგომ ბოლო ამომრჩეველს არ გაისტუმრებენ.