"ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის ინფორმაციით, "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატ ზვიად ძიძიგურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ის ინციდენტი, რაც წუხელ ზვიადის სახლთან მოხდა, პლაკატების გაკვრით არ იყო გამოწვეული. მე ვესაუბრე ზვიადს და როგორც მისგან გავიგე, მას მის საცხოვრებელ სახლთან ჩასაფრებული ჯანიანი ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გუშინდელი აქციისთვის ჩვენი დასჯა გადაწყვიტა და ამისთვის, ძიძიგურის სახლთან ზონდერ-ბრიგადის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ჩაასაფრა, თუმცა ბუნებრივია, ადგილზე მისულ ტელევიზიებს ზონდერების ნაცვლად იქ ბავშვები დაახვედრეს", - განუცხადა დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, "ხალხის პარტიის" ლიდერი ძიძიგურის მიერ გასროლის ფაქტსაც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მან არა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მისამართით გაისროლა, როგორც ამას ისინი ამტკიცებენ, არამედ ტყვიები "ზონდერების წინააღმდეგ იყო მიმართული".
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ წუხანდელი ინციდენტის დროს ზვიად ძიძიგური ნასვამი იყო, დავითაშვილი "ჯი-ეიჩ-ენის" შესაბამის შეკითხვაზე განმარტავს, რომ "გუშინ გიორგობა იყო".
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური განცხადებას, დღეს, 13:00 საათზე, სპეციალურ პრესკონფერენციაზე თავად გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატის საცხოვრებელ სახლთან წუხელ ინციდენტი მოხდა. მმართველი გუნდის აქტივისტების მტკიცებით, ისინი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების პლაკატებს აკრავდნენ, როცა "მათთან ზვიად ძიძიგური მივიდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი მათი მიმართულებით 4-ჯერ გაისროლა".