დღეს, 30 ოქტომბერს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ახალი მფლობელი გამოვლინდება.
" Thames Streel UK Limited "-ის დირექტორი ტომას ბლეკი ჯოზეფ ქეის ქონებას ედავება. ამასთან დაკავშირებით ბლეკმა 23 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ჯიზეფ ქეის არ ეკუთვნის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რადგან კომპანია " Thames Streel UK Limited " ქარხნის წილების 100 %-ს ფლობს და მიუხედავად ამისა, მათ რუსთავის ადგილობრივი სასამართლო უფლებას არ აძლევს, მართოს საკუთარი კომპანია.
"საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში ჩამოვედი, სამომავლო საინვესტიციო გეგმის მოსამზადებლად. აღნიშნულში მოულოდნელად ხელი შემიშალა ადგილობრივმა მენეჯმენტმა. საამქროში არ შემიშვეს, ამიკრძალეს კომპანიის დოკუმენტაციისა და სხვა საბუთების გაცნობა. მენეჯმენტის ასეთი ქმედების მიზეზი მალევე გახდა ცნობილი, შევიტყვეთ, რომ მენეჯმენტი ჩართული იყო რუსთავის ქარხნის უმოწყალოდ დაშლასა და ჯართად გაყიდვაში", - აცხადებს ტომას ბლეკი.
ამის საპასუხოდ მმართველთა გუნდმა წარმოადგინა რუსთავის სასამართლოს მიერ გაცემული ორი დადგენილება, რომლის მიხედვითაც კომპანია " Thames Streel UK Limited "-ს არ აქვს უფლება შეცვალოს დირექტორი ადგილობრივ კომპანია "ენერგია და ინდუსტრიის კომპლექსში" ან შეიტანოს რაიმე სახის ცვლილებები ამ უკანასკნელ წესდებაში. მეორე განჩინების თანახმად, ამავე კომპანიას არც "ქართული ფოლადის" საწარმეო, მენეჯერულ და სხვა საქმიანობებში ჩარევის უფლება აქვს.
რამდენად საეჭვოც არ უნდა იყოს, მისი განცხადებით, კომპანია " Thames Streel UK Limited " 2007 წელს 70 მილიონ დოლარად შეიძინა აღნიშნული წილები და მისთვის მხოლოდ ა. წ. 18 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანა ა. წ. 15 ოტომბერს აუქციონზე გაიტანეს და 30 ოქტომბერს გამოვლინდება საწარმოს ახალი მფლობელი. ამასთან, წილების 100 %-ის მფლობელი ტომას ბლეკი ვერ ასახელებს კონკრეტულ პირს, ვისგანაც 2007 წელს იყიდა საწარმო და აცხადებს, რომ ყიდვის დროს არც ის იცოდა, რომ საწარმოს ჰქონდა საქართველოს ყველა ბანკისგან კრედიტები, რომელიც საბოლოოს საწარმოს ჩამორტმევით შეიძლება დამთავრებულიყო.
ტომას ბლეკმა განაცხადა, რომ კომპანია მზადაა ნებისმიერი გზით დაიცვას თავისი ინვესტიციები. ამ დროისთვის კომპანია ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას იმავე სასამართლოში, სადაც მიღებულია ეს განჩინება. თუ ეს არ იქნება საკმარისი, კომპანია მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს.
"წერილი დახმარების თაობაზე მივწერეთ როგორც პრეზიდენტს, ისე პრემიერ-მინისტრს, თუმცა არანაირი პასუხი არ მიგვიღია", - განაცხადა ბლეკმა.