პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 2-8 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, 3-6 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავს უელსის ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან დეიმ როსმარი ბატლერთან, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები უელსის ასამბლეის პლენარულ სხდომას დაესწრებიან.
სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი, უელსის მთავრობის წარმომადგენელებთან. შეხვედრებზე განხილულ თემებს შორის იქნება დევოლუციის (შეზღუდული ავტონომია) და საპარლამენტო პროცედურების საკითხები. ასევე, რეგიონული მმართველობის თემაზე შეხვედრა შედგება უელსის ასამბლეის ბიზნესის დირექტორატის წარმომადგენელებთან. უელსში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, დელეგაციის წევრების შეხვედრა საარჩევნო რეფორმის საზოგადოებასთან (Electoral Reform Society), კარდიფის საბჭოსა და სამხრეთ უელსის პოლიციის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია 7 ოქტომბერს ვიზიტით ლონდონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გამოსვლა "ჩეთემ ჰაუზში" (Chatham House). პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დისკუსიაში, რომლის თემაა – "საქართველო: 2016 წლის არჩევნები და შემდგომი პერიოდი" მონაწილეობას მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი ნილ მაკფარლენი. ამასთან, საპარლამენტო დელეგაცია დაესწრება საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის, ჯონათან ჯანოგლის სახელით გამართულ მიღებას, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ამავე დღეს გაიმართება.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 8 ოქტომბერს დაბრუნდება.