საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიგა ბოკერიას შეფასებით, ენერგეტიკის სფერო მსოფლიოში პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდა, ამიტომ ამ კუთხით, აუცილებელია ალტერნატიული გზების მოძიება.
"სამწუხაროდ ენერგეტიკის სფერო მსოფლიოში პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცა და ამის გათვალისწინებით აუცილებელია ალტერნატივების მუდმივი ძიება. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა", - განაცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ და აქვე დასძინა, რომ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ენერგოუსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
მისვე თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მისი როგორც ენერგორესურსების ტრანზიტორი ქვეყნის საკითხიც განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ენერგო უსაფრთხოების შესახებ სემინარი 5-6 მაისს გაიმართება, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან.