რუსეთის მხარეს სირიის მიმართულებით ფრენისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების თაობაზე არ მიუმართავს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს” საგარეო უწყებაში საკითხის კომენტირებისას განუცხადეს.
,,ჯი-ეიჩ-ენის” მიერ საგარეო უწყებაში გაგზავნილ კითხვაზე: იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია მიმართავს საქართველოს, მისი საჰაერო ხომალდებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ სირიაში ფრენების განსახორციელებლად, როგორი იქნება ქართული მხარის პოზიცია?_განმარტეს:
,,რუსეთის მხარეს სირიის მიმართულებით ფრენისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების თაობაზე არც ახლა და არც კონფლიქტის მსვლელობის რომელიმე ეპიზოდში არ მოუმართავს. სირიის კონფლიქტთან მიმართებაში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევასა და სირიაში ჰუმანიტარული პრობლემების დაძლევისა და მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის მიდგომას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სირიაში გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლის სტეფან დე მისტურას ძალისხმევას აღადგინოს სირიის კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური პროცესი რათა შესაძლებელი გახადეს ჟენევის კომუნიკეს რეალური განხორციელება. შესაბამისად საქართველო, არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს, რომელიც თანხვედრაში არ მოდის საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევასთან”, _აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
,,ჯი-ეიჩ-ენი” ასევე დაინტერესდა - მიმართა თუ არა ქართულ მხარეს აშშ-ის ხელისუფლებამ სირიის მიმართულებით რუსეთის საჰაერო ხომალდებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ?
,,აშშ-სთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ზოგადი დიალოგი და კოორდინაცია უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებზე გაგვაჩნია, თუმცა ასეთი კონკრეტული საკითხი არ დამდგარა”, _განმარტეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თხოვნით, მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა, რუსეთის თვითმფრინავებისთვის, რომლებიც რეისებს სირიის მიმართულებით ასრულებდნენ, საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.