ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების კონფერენციის პირველ დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადი "დუელი" ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ ახმადინეჯადსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შორის გაიმართა.
ირანის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ აშშ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ბირთვული იარაღი გამოიყენა და ის ხიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოაგდო.
მისივე განმარტებით, აშშ-ს არასდროს შეუსრულებია თავისი ვალდებულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
"აშშ-ის მთავრობამ არა მხოლოდ გამოიყენა ბირთვული იარაღი იაპონიის წინააღმდეგ, არამედ აგრძელებს მუქარას სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის ირანის ჩათვლით, მის გამოყენებაზე. აშშ-მ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ დაიწყო ომი მათ წინააღმდეგ, ვინც ოდესღაც მისი მოკავშირე იყო. აშშ-ის დაზვერვის სამსახურები და სიონისტური რეჟიმი (ისრაელი რედ.) მხარს უჭერენ მძლავრ, ტერორისტულ ქსელებს",- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციაზე ირანის პრეზიდენტის აღნიშნული გამოსვლისას სხდომათა დარბაზი დატოვეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დელეგაციების წევრებმა.
როგორც მოგვიანებით ჰილარი კლინტონმა განმარტა, პროტესტი მიმართული იყო ირანის ლიდერის მხრიდან აშშ-ის მიმართ "ველური ბრალდებების" საპასუხოდ და თავის მხრივ, ბრალი დასდო ირანს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების შეუსრულებლობაში და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიუხედავად ურანის გამდიდრებაში.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საკუთარი გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს საფუძველი დაიჯეროს ირანის პრეზიდენტის გულწრფელობა "ბირთვულ გაცვლასთან" დაკავშირებით, რადგან "თეირანი აღნიშნულ თემას ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დათანხმდა, თუმცა შემდეგ ახალი პირობები წამოაყენა".
"თუ ირანმა ნამდვილად შეცვალა პოზიცია, მან ამის ნათელი დასტური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა წარუდგინოს",- განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ "მან (ირანის პრეზიდენტმა. რედ.) იცის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისამართი და ისიც, თუ რას ელიან მისგან. მას პასუხის გაცემა ნებისმიერ დროს შეუძლია და ჩვენ მივესალმებით, თუკი კარგი, პატიოსანი, ლეგიტიმური და ნამდვილი პასუხი იქნება".
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მაჰმუდ ახმადინეჯადმა, ასევე ჰილარი კლინტონმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ ისინი ემხრობიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის იდეას.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, იგი თანახმაა დაბალგამდიდრებული ურანი გაცვალოს ბირთვულ საწვავზე რუსეთთან და საფრანგეთთან, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია აშშ-ის ორმაგი სტანდარტები მსოფლიო ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს სისტემა კარდინალურად უნდა შეიცვალოს.